ფარისებრი ჯირკვლის მიმოხილვა
რას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვალი?
ფარისებრი ჯირკვალი კისრის წინა ზედაპირზე მდებარე პეპლის ფორმის ჯირკვალია. ის წარმოქმნის 2 იოდის შემცველ ჰორმონს: T4 და T3, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ პრაქტიულად ყველა უჯრედსა და ორგანოთა სისტემაზე. მათი ფუნქციებია:
მეტაბოლიზმის რეგულირება
გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მართვა
სხეულის ტემპერატურის რეგულირება
კუნთებსა და ძვლებზე ზეგავლენა
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნის შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზი, ხოლო ჭარბი რაოდენობით გამოთავისუფლებისას - ჰიპერთირეოზი.
ფუნქციური ტესტები
ფარისებრი ფუნქციის დასადგენად მოწმდება ჰორმონების კონცენტრაცია სისხლში.
ყველაზე ხშირად გამოყენებადი სისხლის ანალიზები:
TSH ( ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი) - გამოიყოფა თავის ტვინში, კერძოდ ჰიპოფიზში და არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას. უხშირესად მისი მაღალი მაჩვენებელი ჰიპოთირეოზზე მიუთითებს, დაბალი კი ჰიპერთირეოზზე.
FT4(თიროქსინი) –ხშირად TSH-თან ერთად მოწმდება. დაბალი TSH და მაღალი FT4 ჰიპერთირეოზზე მიუთითებს, ხოლო მაღალი TSH და დაბალი FT4 - ჰიპოთირეოზზე.
FT3 –ხშირად გამოიყენება ჰიპერთირეოზის დასადგენად ან მისი სიმწვავის შესაფასებლად. T3-ის მაღალი დონე ჰიპერთირეოზზე მიუთითებს.
სისხლის სხვა ანალიზები
ჩვეულებრივ, ანტისხეულებს იმუნური სისტემა ავადმყოფობებისა და ინფექციისგან თავდასაცავად წარმოქმნის, თუმცა ზოგიერთი ანტისხეული ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილს აზიანებს, რაც ცვლის ჯირკვლის ფუნქციას. ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დიაგნოზზე მიუთითებს.
თირეოგლობულინი- ამ ცილას ნორმალური ფარისებრი ჯირკვალი წარმოქმნის. იმ პაციენტებს, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გამო ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ლაბორატორიული მონიტორინგი დინამიკაში თირეოგლობულინის განსაზღვრით უტარდება.
გამოკვლევის სხვა მეთოდები
რადიოაქტიური იოდის ათვისების ტესტი- ამ გამოკვლევის დროს პაციენტი პერორალურად იღებს რადიოაქტიური იოდის მცირე დოზას, რის შემდეგაც ექიმი იოდის ათვისებას აფასებს. ასევე გვეხმარება ჰიპერთირეოზის მიზეზის დადგენაში.
ჩატარებული კვლევების ინტერპრეტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური გამოკვლევა
პროცედურის დროს, ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული გამოსახულების მისაღებად, უსაფრთხო ულტრაბგერითი ტალღები გამოიყენება. მიღებული გამოსახულება საშუალებას აძლევს ექიმს შეაფასოს ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, ჯირვლის სისხლით მომარაგება, კვანძოვანი ჩანართები. პროცედურა უმტკივნეულოა და დაახლოებით 30 წუთი გრძელდება.
წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსია
აღნიშნული პროცედურის დროს, წვრილი ნემსის გამოყენებით, ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან ხდება საკვლევი უჯრედების ნიმუშის აღება და მათი შესწავლა მიკროსკოპის საშუალებით.
პაციენტების გამოცდილებით, პროცედურა ნემსის მკლავზე გაკეთების მსგავსია.
ბიოფსიის შემდგომი რეკომენდაციები
თუ პროცედურის შემდეგ, ბიოფსიის უბნებში მცირე ტკივილს გრძნობთ, შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ (მაგ. იბუპროფენი ან სხვა) ან რჩევისთვის მკურნალ ექიმს მიმართოთ. პაციენტების უმრავლესობა პროცედურის შემდეგ ტკივილგამაყუჩებელს არ საჭიროებს. მცირე დისკომფორტის შემთხვევაში შეგიძლიათ ადგილობრივად, 10-15 წუთის განმავლობაში, ყინული გამოიყენოთ.
გამოკვლევის შედეგები
უხშირესად, გამოკვლევის შედეგს პროცედურიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიიღებთ.
როდის დავუკავშირდეთ ექიმს
დაუკავშირდით ექიმს თუ :
გაწუხებთ პროგრესირებადი ხასიათის ტკივილი, რომელიც არ რეაგირებს ტკივილგამაყუჩებელზე
თავბრუსხვევა ან გონების კარგვა
ყლაპვის გართულება
ჭარბი ოფლიანობა კისრის გარშემო