ფარისებრი ჯირკვლის კვანძები
ფარისებრი ჯირკვლის კვანძები ძალიან გავრცელებულია; მოსახლეობის 50%-ზე მეტს აღენიშნება თუნდაც ერთი კვანძი. საბედნიეროდ, კვანძების დაახლოებით 95% კეთილთვისებიანია.
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა
თუ ექიმი ეჭვობს, რომ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ან კვანძოვანი ჩიყვი, უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ეს კვლევა ასევე რეკომენდირებულია, როდესაც კვანძები შემთხვევით აღმოჩნდება სხვა კვლევების დროს (მაგალითად, კისრის სისხძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET)).
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა იძლევა ინფორმაციას ჯირკვლის ზომისა და ანატომიის შესახებ და განსაზღვრავს, რომელ კვანძს ესაჭიროება დამატებით FNA ბიოფსია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვანძების უმეტება არ საჭიროებს ბიოფსიას.
წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA)
თუ TSH-ის დონე ნორმალურია, ხოლო ულტრაბგერითი კვლევა აჩვენებს საეჭვო ნიშნებს, შემდეგი ნაბიჯი FNA ბიოფსიაა.
ბიოფსიის შედეგები შეიძლება იყოს:
უმეტესად კეთილთვისებიანი
ავთვისებიანი
საეჭვო ავთვისებიანობისთვის
გაურკვეველი (არასაკმარისი მასალის აღების შემთხვევაში)
ფარისებრი ჯირკვლის სკანირება
თუ TSH-ის დონე დაბალია, შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია .
"ცხელი" კვანძები ძირითადად კეთილთვისებიანი ბუნებისაა და გამოყოფენ ჭარბი რაოდენობით ჰორმონებს.
"ცივი" კვანძები არ შთანთქავენ რადიოაქტიურ იოდს და 5%-ია რისკი იმისა, რომ იყოს ავთვისებიანი.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძების მკურნალობა
კეთილთვისებიანი კვანძები
კეთილთვისებიანი კვანძები შესაძლოა მხოლოდ მონიტორინგს საჭიროებდნენ, მაგრამ თუ ზომაში იზრდება ან იცვლის მახასიათებლებს , შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიის განმეორება.
ავთვისებიანი კვანძები
კვანძების მხოლოდ 5% არის ავთვისებიანი. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას – ფარისებრი ჯირკვლის ნაწილის ან მთლიანი ჯირკვლის ამოკვეთას. ასევე შეიძლება საჭირო გახდეს რადიოაქტიური იოდით თერაპია.
საეჭვო ავთვისებიანობისთვის
ასეთი კვანძების შემთხვევაში ქირურგია ხშირად რეკომენდებულია, რადგან სიმსივნის არსებობის რისკი 67-83%-ია.
ფოლიკულური ნეოპლაზია
ამ ტიპის კვანძების შემთხვევაში, კიბოს რისკი 23-34%-ია. შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის სკანირება და მოლეკულური ტესტირება, რათა დადგინდეს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა.
გაურკვეველი (ატიპიური) შემთხვევები
ამ კატეგორიაში შედის კვანძები, რომლებიც არ არის ცალსახად კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. მოლეკულური ტესტები ხშირად გამოიყენება იმის დასადგენად, საჭიროა თუ არა ქირურგიული ჩარევა.
"ცხელი" კვანძები
"ცხელი" კვანძები თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანია, მაგრამ ისინი შესაძლოა იწვევდნენ ჰიპერთირეოზს (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბ გამოყოფას). ასეთ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიას, რადიოაქტიური იოდით თერაპიას ან მედიკამენტებს.
ცისტური კვანძები
ასეთი კვანძები სითხის შემცველი და როგორც წესი, კეთილთვისებიანია. არ საჭიროებენ ქირურგიულ მკურნალობას, თუმცა დიდი ზომის ცისტური კვანძის შემთხვევაში, ექიმი მოგცემთ ასპირაციის ან ქირურგიის რეკომენდაციას.