ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი გავრცელებული პრობლემაა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, შესაბამისად  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის შემცირებას გულისხმობს. 

ხშირი გამომწვევი მიზეზებია: 
1. ჰაშიმოტოს თირეოიდიტი- აუტოიმუნური მდგომარება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს აზიანებს და შესაბამისად მისი ფუნქციის დაქვეითებას იწვევს. 
2. იოდის დეფიციტი- იოდი საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სრულფასოვანი წარმოქმნისათვის.
3.პოსტპარტუმ თირეოიდიტი- მშობიარობის შემდგომ განვითარებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.
4. გენეტიკური ფაქტორები.
5. მედიკამენტები- ლითიუმი, ამიოდარონი და სხვა. 
6. ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ან რადიოიოდინით მკურნალობა.

სიმპტომები 

 ჰიპოთირეზის ჩივილები შესაძლოა იყოს: 

• დაბალი ენერგია

• შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია) 

• სიცივის აუტანლობა

• ყაბზობა

• კანის სიმშრალე 

• წონაში მატება 

• სახის შეშუპება 

• ხმის ტემბრის ცვლილება

•  თმის შეთხელება

•  თმის და კანის გაუხეშება 

• კუნთების სისუსტე 

• კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა 

• ჭარბი ან არარეგულარული  მენსტრუაცია 

• დეპრესია

• მეხსიერების პრობლემები 

  

დიაგნოზი  

ლაბორატორიული კვლევები: 

  • ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი - TSH

  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები- FT4, FT3 

  • ანტისხეულები-  anti-TPO, anti-Tg 

TSH-ის განსაზღვრა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპოთირეოზის მართვასა და მონიტორინგში. მისი შედეგების მიხედვით მკურნალი ექიმი მედიკამენტის დოზირებას განსაზღვრავს. 

 

ანალიზის შედეგებზე შესაძლოა იმოქმედოს სხვადასხვა მედიკამენტებმა ან დანამატებმა. მათ შორის ბიოტინი, რომელიც მიიღება ცალკეული დანამატის ან მულტივიტამინის სახით. სანამ ანალიზებს ჩააბარებთ, მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება იმ მედიკამენტების თუ დანამატების შესახებ, რასაც იღებთ. 

 

მკურნალობა 

ჰიპოთირეოზის მკურნალობა ლევოთიროქსინით ჩანაცვლებით თერაპიას გულისხმობს, აღნიშნული მედიკამენტი უზმოდ, დღეში ერთხელ უნდა მიიღოთ.  ლევოთიროქსინი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას და ამცირებს ჰიპოთირეოზთან დაკავშირებულ ჩივილებს. 

მედიკამენტის დაწყებიდან დაახლოებით 1 ან 2 კვირაში იგრძნობთ თვითშეგრძნების გაუმჯობესებას. ლევოთიროქსინის მიღება უხშირესად ქრონიკულად არის საჭირო. 

როგორ განვსაზღვროთ მედიკამენტის სწორი დოზირება

იმისთვის, რომ გავიგოთ სწორი დოზით ვიღებთ თუ არა ლევოთიროქსინს, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით ჩაგიტარდებათ TSH-ის კონტროლი თერაპიის დაწყებიდან 6-8 კვირაში. ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მათ შორისაა: 

  • დაღლილობა

  • მადის გაძლიერება

  • ძილის პრობლემები 

  • გულის ფრიალი

 

ლევოთიროქსინის მიღების წესი

უმჯობესია ლევოთიროქსინი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს, იდეალურ შემთხვევაში საუზმემდე ან სხვა მედიკამენტის მიღებამდე 30-60 წუთით ადრე მიიღოთ. თუ მედიკამენტის მიღება ღამით გადაწყვიტეთ, კვებიდან მინიმუმ 4 საათი უნდა იყოს გასული.  

არ გამოტოვოთ ან შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება იმის გამო, რომ თავს უკეთ გრძნობთ. მკურნალობის შეჩერების შემთხვევაში, ჰიპოთირეოზის სიმპტომები ნელ-ნელა განვითარდება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგ დღეს ორმაგი დოზის მიღება შეგიძლიათ. 

 ზოგიერთი მედიკამენტი, დანამატი და საკვები გავლენას ახდენს ლევოთიროქსინის შეწოვაზე. მიმართეთ ექიმს თუ იღებთ შემდეგ  მედიკამენტებს : 

  • რკინის დანამატი ან რკინის შემცველი მულტივიტამინი

  • ალუმინის ჰიდროქსინი, რომელიც გვხვდება ანტაციდებში. 

  • კალციუმის დანამატები

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.