ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის სიმკვრივე მცირდება და მოტეხილობის რისკები მატულობს. ძვლის სიმკვრივის მკვეთრი დაქვეითების დროს, შესაძლოა აღინიშნოს ხერხემლის დეფორმაცია, სიმაღლის მკვეთრი შემცირება ან დაბალტრავმული მოტეხილობების განვითარება. 

ოსტეოპოროზის სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. 60 წელს გადაცილებულ ქალებში მისი სიხშირე დაახლოებით 25%-ს შეადგენს, ხოლო 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებში 10%. 

ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორები
-სქესი - ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი უფრო მაღალია.
- ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად, დაავადების რისკები მატულობს.
- წონის დეფიციტი
-ოსტეოპოროზის ან მოტეხილობის ოჯახური ისტორია
- სასქესო ჰორმონების დაბალი დონე - მენოპაუზა, ჰიპოგონადიზმი (დაბალი ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში ან დაბალი ესტროგენის დონე ქალებში), გვიანი პუბერტატი.
-ადინამიური ცხოვრების წესი
-კალციუმით და D ვიტამინით ღარიბი კვების რაციონი
-თამბაქოს, ალკოჰოლისა და კოფეინის ჭარბი გამოყენება 

ოსტეოპოროზის გამომწვევი სხვა მიზეზები
- მედიკამენტები - კორტიკოსტეროიდები, სისხლის გამათხელებელი საშუალებები და სხვა
- ქრონიკული დაავადებები: ენდოკრინული, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის და სხვა
-ბარიატრიული ქირურგიის შემდგომი პერიოდი


სიმპტომები
ოსტეოპოროზი სიმპტომურად ხშირად არ ვლინდება. ის ჩუმად მიმდინარე პროცესია, თუმცა შეიძლება აღინიშნოს წელის არეში ტკივილი, სიმაღლის შემცირება, მოხრა, ხერხემლის დეფორმაცია.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტს დენსიტომეტრია (DXA-ორმაგენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია) წარმოადგენს. მისი საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული ძვლის სეგმენტში კალციუმისა და სხვა მინერალების რაოდენობის განსაზღვრა. რაც უფრო მაღალია ძვლის სიმკვრივე, მით უფრო მყარია მისი სტრუქტურა და დაბალია მოტეხილობის განვითარების რისკები. შესაბამისად, დენსიტომეტრია გვაწვდის ინფორმაციას ოსტეოპოროზის ან ძვლის მოტეხილობის განვითარების რისკების შესახებ.

მკურნალობა
ოსტეოპოროზის ეფექტური მართვა და მოტეხილობის რისკის შემცირება შესაძლებელია. სამკურნალო საშუალებებს მიეკუთვნება ტაბლეტური, კანქვეშა ან ინტრავენური გახანგრძლივებული მოქმედების მედიკამენტები. მაგ. ბისფოსფონატები, დენოსუმაბი (პროლია), ესტროგენის რეცეპტორის მოდულატორები, ტერიპარატიდი (ფორტეო), აბალოპარატიდი (თიმლოსი), რომოსოზუმაბი (ევენიტი) და სხვა.
მედიკამენტის შერჩევა ექიმის მიერ პოტენციური სარგებლისა და რისკების შეფასების საფუძველზე ხდება.

ძვლის სიმკვრივის დაქვეითების პრევენცია
ძვლების შენებასა და ოსტეოპოროზის პრევენციაში დაგეხმარებათ: 

ვარჯიში - კვირის უმრავლესობა დღეებში საშუალოდ 30-60 წუთი.
ვარჯიში აძლიერებს ძვლებს, ამცირებს ძვლის სიმკვრივის დაქვეითებას და აუმჯობესებს ფიზიკურ შესაძლებლობებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კომბინაციები:
- სხეულის წონით ვარჯიში -  მაგ. ფეხით სიარული, ცეკვა, ძუნძული, სირბილი, კიბეებზე ასვლა, ლახტით ვარჯიში და თხილამურით სრიალი.
- ძალისმიერი ვარჯიში - მაგ. თავისუფალი წონებით ვარჯიში, სავარჯიშო ტრენაჟორები, რეზინები და წყლის აქტივობები.
- წელის კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები

შეინარჩუნეთ ჯანსაღი კვების პრინციპები
დაბალანსებული კვება ჯანსაღი წონისა და ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ძვლის სიჯანსაღისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმი და D ვიტამინი. 

კალციუმი და D ვიტამინი ჯანმრთელი მოზრდილებისთვის

კალციუმი

რეკომენდირებული დღიური დოზა მილიგრამებში (მგ)

ქალები

50 წლამდე

1 000 მგ

51 წელს ზევით

1 200 მგ

მამაკაცები

70 წლამდე

1 000 მგ

71 წელს ზევით

1 200 მგ

D ვიტამინი

რეკომენდირებული დღიური რაოდენობა საერთაშორისო ერთეულებში (სე)

ქალები და მამაკაცები

50 წლამდე

400 - 800 სე

50 წელს ზევით

800 - 1 000 სე

კალციუმის და D ვიტამინის რეკომენდირებული დოზა შესაძლოა განსხვავდებოდეს 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ორსულობის, ძუძუთი კვების ან ძვლის სიმკვრივის დაქვეითების დროს. 

კალციუმის მიღება უმჯობესია საკვები პროდუქტებიდან. კალციუმით მდიდარი პროდუქტებია: რძის პროდუქტები (მაგ. დაბალ-ცხიმიანი რძე, ყველი ან იოგურტი), მწვანე ბოსტნეული (მაგ. ბროკოლი, ისპანახი ან კომბოსტოს ნაირსახეობები) და კალციუმით გამდიდრებული პროდუქტები (მაგ. მარცვლეული, პურეული, პასტა, ბრინჯი, ბლინების და ვაფლის მოსამზადებელი ფხვნილი, ხილის წვენები და სოიოს პროდუქტები).

D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას, იგი კანში მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება. D ვიტამინის სხვა მნიშვნელოვანი წყაროებია: მაგ. D ვიტამინით გამდიდრებული რძე, მარცვლეული, კვერცხის ცილა, ზღვის თევზი ან ღვიძლი, მულტივიტამინები და კალციუმის სხვა დანამატები.       

შეზღუდეთ თამბაქოს, ალკოჰოლისა და კოფეინის გამოყენება
თამბაქოს, ალკოჰოლის ან კოფეინის ჭარბი გამოყენება ძვლის სიმკვრივეს აქვეითებს.
- არ გამოიყენოთ თამბაქო და მისი პროდუქტები.
-შეზღუდეთ ალკოჰოლის გამოყენება: ქალები- დღის განმავლობაში, არ მიიღოთ >1 სასმელი, მამაკაცის შემთხვევაში >2 (1 სასმელი - 45 მლ ძლიერალკოჰოლური ლიქიორი, 150 მლ ღვინო ან 350 მლ ლუდი).
-შეზღუდეთ კოფეინის გამოყენება - დღის განმავლობაში <3 ფინჯანი. 

შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი კონფიგურაცია
ჯანსაღი პოზის შენარჩუნებისთვის:
- ასწიეთ თავი და გულ-მკერდი, ნიკაპი ოდნავ შესწიეთ, მხრები მოადუნეთ და უკან გადასწიეთ,  ხერხემალი და კისერი გაასწორეთ, ხერხემლის ქვედა ნაწილი, წელის არეში მცირე ზომის რკალს უნდა ქმნიდეს.
-ჯდომის ან მანქანის ტარების დროს, შეგიძლიათ წელთან დახვეული პირსახოცი მოათავსოთ.
-კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის ან სხვა ხელსაქმის დროს, წინ არ გადაიხაროთ. წიგნი, კლავიატურა ან სხვა ხელსაქმე იმ სიმაღლეზე მოათავსეთ რომ სწორი პოზის შენარჩუნება შეძლოთ.
-საგნების აწევის დროს, მოიხარეთ მუხლებში, ასწიეთ სიმძიმე ფეხების დახმარებით ისე რომ წელის ზედა ნაწილი სწორ პოზიციაში იყოს. 

დაცემის პრევენცია
დაცემა მოტეხილობის რისკებს ზრდის. ატარეთ დაბალ-ქუსლიანი, უხეშძირიანი ფეხსაცმელი, არ იქონიოთ გრძელი ელექტრო სადენები, ხალიჩები და სრიალა ზედაპირები, რამაც შეიძლება თქვენი წაბორძიკება და დაცემა გამოიწვიოს. თუ წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, გამოიყენეთ ყავარჯენი ან სხვა დამხმარე საშუალება. 

*ადაპტირებულია მეიოს კლინიკის საინფორმაციო ბროშურის მიხედვით.

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.