ჰიპოპარათირეოზი
პარათირეოიდული ჯირკვლები ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე მდებარეობს. მათ მიერ წარმოქმნილი პარათჰორმონი (პარათირეოიდული ჰორმონი/PTH) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის დონის რეგულირებისთვის.
ჰიპოპარათირეოზი იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმში პარათჰორმონის წარმოქმნის პროცესი შეფერხებულია. დაავადების სამკურნალოდ დანამატები, ზოგ შემთხვევაში კი პარათჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია გამოიყენება.
ჰიპოპარათირეოზის გამომწვევი მიზეზებია:
-კისრის არეში ჩატარებული ქირურგიული ჩარევა (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია).
-აუტოიმუნური დაავადება. ანტისხეულების ზემოქმედებით პარათირეოიდული ჯირკვლების დაზიანება.
-მემკვიდრული ჰიპოპარათირეოზი.
-სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე.
-ავთვისებიან სიმსივნესთან დაკავშირებული სახის ან კისრის სხივური თერაპია. იშვიათად, ჰიპერთირეოზის გამო ჩატარებული რადიოაქტიური იოდით თერაპია შეიძლება ჰიპოპარათირეოზის მიზეზი გახდეს.
სიმპტომები
ჰიპოპარათირეოზის ნიშნები და სიმპტომები ძირითადად ჰიპოკალცემიითაა გამოწვეული, მათ მიეკუთვნება:
ხელის, ფეხის თითების, ტუჩების წვა, ჩხვლეტის შეგრძნება
ზედა, ქვედა კიდურის, სახის კუნთების, კუჭის ტკივილი ან კრამპები
კუნთების სპაზმები ან უნებლიე შეკუმშვები
დაბალი ენერგია, ზოგადი საერთო სისუსტე
მტკივნეული მენსტრუალური ციკლი
თმის ბუდობრივი ცვენა
კანის სიმშრალე
ფრჩხილების მტვრევადობა
დეპრესია ან შფოთვა
პარათჰორმონის დაბალი დონე შემდეგ ფაქტორებზე მოქმედებს:
-კალციუმი. ძვლებისა და კბილების სიმტკიცეს უზრუნველყოფს. კალციუმს მნიშვნელოვანი როლი აქვს კუნთის შეკუმშვის, ნერვული უჯრედებისა და ტვინის ნორმალური ფუნციონირების პროცესებში, მონაწილეობს გულის რითმისა და არტერიული წნევის კონტროლში.
-ფოსფორი. ფოსფორის დახმარებით ორგანიზმი საკვები პროდუქტებისგან ენერგიას წარმოქმნის. ის ასევე მონაწილეობს კუნთის, ნერვის, გულისა და თირკმლის ფუნქციაში.
დიაგნოზი
ჰიპოპარათირეოზის დიაგნოზირებისთვის, ექიმი დეტალურად გაგესაუბრებათ თქვენს სამედიცინო ისტორიაზე და ჩაგიტარებთ ფიზიკურ გასინჯვას, შესაძლოა გირჩიოთ სისხლისა და შარდის ანალიზები.
ლაბორატორიული ტესტები:
სისხლში კალციუმისა და პარათჰორმონის დაბალი დონე
სისხლში მომატებული ფოსფორი
შარდის ანალიზი
მკურნალობა
მკურნალობის მიზანი სიმპტომების ალაგება და სისხლში კალციუმისა და ფოსფორის ნორმალიზებაა.
-კალციუმის დანამატები და აქტიური D ვიტამინი (კალციტრიოლი)
-მაგნიუმი.
პრევენცია
ჰიპოპარათირეოზის პრევენციის კონკრეტული გზები არ არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციამდე კალციუმის, პარათჰორმონისა და D ვიტამინის დონეს ამოწმებენ და დანამატებს ნიშნავენ. პოსტოპერაციული ჰიპოპარათირეოზის რისკების შესამცირებლად, ზოგ შემთხვევაში პარათირეოიდული ჯირკვლის აუტოტრანსპლანტაცია განიხილება.
დიეტა
ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ექიმ-ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეგირჩევთ შესაბამის კვებას.
-კალციუმით მდიდარი საკვები პროდუქტები.
მათ შორისაა რძის პროდუქტები, მწვანე ფერის ბოსტნეული, ბროკოლი და კალციუმით გამდიდრებული პროდუქტები, მაგ. ფორთოხლის წვენი და გარკვეული ტიპის ბურღულეული.
-ფოსფორით ღარიბი საკვები პროდუქტები: შეამცირეთ ფოსფორის შემცველი გაზიანი სასმელები და შეზღუდეთ დამუშავებული (ნახევარფაბრიკატი/processed) საკვების, ხორცის, მყარი ყველის, თხილეულის და მთლიანი მარცვლის შემცველი ბურღულეულის გამოყენება.
ივ ინფუზია/გადასხმა
თუ სიმპტომების სწრაფად გაუმჯობესებაა საჭირო, კალციუმის გადასხმისთვის კლინიკაში დაყოვნება დაგჭირდებათ.
მონიტორინგი
ჰიპოპარათირეოზი ქრონიკული დაავადებაა, მისი მკურნალობა და ანალიზების კონტროლი მთელი ცხოვრების მანძილზე დაგჭირდებათ.
საწყის ეტაპზე აღნიშნული ტესტები კვირაში ან თვეში ერთხელ, მოგვიანებით კი წელიწადში ორჯერ უნდა დაიგეგმოს. დინამიკაში კალციუმის კონტროლი დანამატის დოზის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.