ჰიპერპარათირეოზი
შესავალი
ფარისებრახლო/პარათირეოიდული ჯირკვალი მცირე ზომის ენდოკრინული ორგანოა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის უკანა მხარეს მდებარეობს. ჰიპერპარათირეოზის დროს გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით პარათჰორმონი (PTH).
ფარისებრახლო ჯირკვლები
PTH მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში კალციუმისა და ფოსფორის რეგულირებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების, კუნთოვანი და ძვლოვანი ქსოვილისთვის.
გამოყოფენ ჰიპერპარათირეოზის ორ ტიპს: პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერპარათირეოზის დროს, ჰორმონის სიჭარბეს ერთი ან მეტი გადიდებული ჯირკვალი იწვევს, რის შედეგადაც სისხლში კალციუმის დონე მატულობს. მკურნალობის უხშირესი გზა ქირურგიული ჩარევაა.
მეორადი ჰიპერპარათირეოზი ჰიპოკალცემიის (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) გამომწვევი სხვა დაავადებითაა განპირობებული, მათ შორისაა თირკმლის დაავადება.
სიმპტომები
პირველადი ჰიპერპარათირეოზის დიაგნოზირება ხშირად დაავადების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენამდე ხდება, რადგან რუტინული კვლევის დროს სისხლში მომატებული კალციუმი ვლინდება. სიმპტომების გამოვლენა სხვადასხვა ორგანოსა თუ ქსოვილის დაზიანების შედეგია, მათ მიეკუთვნება:
ადვილად მტვრევადი/სუსტი ძვლები (ოსტეოპოროზი)
თირკმელ-კენჭოვანი დაავადება
გახშირებული შარდვა
მუცლის არეში ტკივილი
ადვილად დაღლა, ზოგადი საერთო სისუსტე
დეპრესია ან გულმავიწყობა
ძვლისა და სახსრების ტკივილი
ხშირი ავადობა
გულისრევა, ღებინება ან მადის დაქვეითება
გამომწვევი მიზეზები
პირველადი ჰიპერპარათირეოზი
კეთილი ბუნების წარმონაქმნი (ადენომა)
ორი ან მეტი პარათირეოიდული ჯირკვლის გადიდება (ჰიპერპლაზია)
ძალიან იშვიათად, ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
მეორადი ჰიპერპარათირეოზი
მეორადი ჰიპერპარათირეოზის მიზეზებია:
კალციუმის დეფიციტი
D ვიტამინის დეფიციტი
თირკმლის ქრონიკური უკმარისობა
რისკ-ფაქტორები:
მენოპაუზა
კალციუმის ან D ვიტამინის ხანგრძლივი დეფიციტი
იშვიათი გენეტიკური დაავადება, მაგ. MEN (მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია, ტიპი 1), რომელიც რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის პათოლოგიას იწვევს
კისრის მიდამოში ჩატარებული სხივური თერაპია
ლითიუმის გამოყენება.
გართულებები:
ოსტეოპოროზი
თირკმელ-კენჭოვანი დაავადება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაგ. არტერიული ჰიპერტენზია და სხვ.
ახალშობილთა ჰიპოპარათირეოზი. არამენეჯირებული ორსულთა ჰიპერპარათირეოზი ახალშობილებში სისხლში კრიტიკულად დაბალი კალციუმით ვლინდება.
დიაგნოსტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები
თუ სისხლში კალციუმის მაღალი მაჩვენებელი ერთჯერადად დაფიქსირდა, იგივე კვლევა უზმოდ სითხის მიღების ფონზე უნდა გადამოწმდეს.
კორეგირებული კალციუმი და პარათჰორმონის განსაზღვრა (PTH)
24-საათიანი შარდში კალციუმის გამოყოფა
ფოსფორი
ვიტამინი D
დამატებითი კვლევები:
ძვლის სიმკვრივის გამოკვლევა/დენსიტომეტრია - ოსტეოპოროზის დიაგნოზირების მიზნით ტარდება.
თირკმლის რადიოლოგიური გამოკვლევა.
პარათიროიდული ჯირკვლების სკანირება სესტამიბის გამოყენებით. სესტამიბი რადიოაქტიურ ნაერთს წარმოადგენს, რომელიც ჭარბად გააქტიურებული პარათირეოიდული ჯირკვლების მიერ შეიწოვება. ნაერთის შთანთქმის შეფასება სპეციალური სკანერით არის შესაძლებელი.
ულტრაბგერითი გამოკვლევა. ულტრაბგერითი პროცედურის დროს ხმოვანი ტალღების გამოყენებით პარათირეოიდული ჯირკვლებისა და მიმდებარე ქსოვილების გამოსახულება მიიღება.
მკურნალობის გზები
მოცდითი ტაქტიკა
ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მოცდითი ტაქტიკა და დინამიკაში მონიტორინგი:
თუ სისხლში კალციუმის დონე უმნიშვნელოდ არის მომატებული
თირკმელი ნორმალურად ფუნქციონირებს და თირკმელ-კენჭოვანი დაავადების ისტორია არ გაქვთ
ძვლის სიმკვრივის მაჩვენებლები ასაკობრივ ნორმას შეესაბამება ან მცირედ დაქვეითებულია
არ უჩივით სხვა სიმპტომებს, რომლებიც მკურნალობის ფონზე გაუმჯობესდება
მოცდითი ტაქტიკის არჩევის შემთხვევაში, სისხლში კალციუმისა და ძვლის სიმკვრივის შეფასება რეგულარული ინტერვალებით დაგჭირდებათ.
ქირურგია
პირველადი ჰიპერპარათირეოზის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად ქირურგიული ჩარევა ტარდება, რაც განკურნების რეალურ შანსს იძლევა. ქირურგიული ჩარევის დროს მხოლოდ ის ჯირკვლები ამოიკვეთება, რომლებიც გადიდებულია ან ადენომა ვლინდება. თუ ოთხივე ჯირკვალი დაზიანებულია, ფუნქციური ქსოვილის მცირე ნაწილის შესანარჩუნებლად, ქირურგი 3 ჯირკვალს სრულად და მეოთხეს ნაწილობრივ ამოკვეთს. ქირურგიულ პროცედურასთან დაკავშირებული გართულებები იშვიათია. ოპერაციასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებია:
სახმო იოგების დაზიანება
პარათირეოიდული ჯირკვლების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ჰიპოკალცემია, კალციუმისა და D ვიტამინის დანამატების ხანგრძლივი საჭიროება.
მედიკამენტური მკურნალობა
კალციმიმეტიკები, მაგ. ცინაკალცეტი (სენსიპარი). მედიკამენტები, რომლებიც სისხლში მოცირკულირე კალციუმის მსგავსად მოქმედებენ, შედეგად მცირდება PTH -ის წარმოქმნა.
ბისფოსფონატები - ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტებია. ასევე გამოიყენება ჰიპერპარათირეოზის დროს გამოწვეული კალციუმის მაღალი დონის შესამცირებლად.
სასარგებლო რჩევები:
-დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.
-რეგულარული ვარჯიში.
-თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. თამბაქოს გამოყენება ძვლის სიმკვრივის დაქვეითების და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს.
-კალციუმით მდიდარი საკვების მიღება - კალციუმის ადექვატური მიღება, ამცირებს PTH-ის გამოყოფას
- D ვიტამინის მიღება
-მოერიდეთ ჰიპერკალცემიის გამომწვევი მედიკამენტების მიღებას, მათ შორის: ზოგიერთი შარდმდენი, ლითიუმი.