თირკმელზედა ჯირკვლები

რას წარმოადგენს თიკმელზედა ჯირკვლები?

თირკმელზედა ჯირკვალი მცირე ზომის (4 – 6 სმ სიგრძის), წყვილი, ენდოკრინული ორგანოა, რომელიც ანატომიურად თირკმლის ზემოთ მდებარეობს. ისინი წარმოქმნიან და გამოყოფენ სისხლში ჰორმონებს, რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლიზმის, არტერიული წნევის, იმუნური სისტემის რეგულაციასა და სტრესის მიმართ საპასუხო რეაქციაში.

Adrenal glands - Mayo Clinic

                                                

                         https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/benign-adrenal-tumors/multimedia/adrenal-glands/img-20008674

თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს სხვადასხვა ჰორმონს, როგორიცაა კორტიზოლი, ალდოსტერონი, ადრენალინი, ნორადრენალინი და სხვა. 

  • კორტიზოლი არის მთავარი ჰორმონი ორგანიზმში, რომელიც სტრესის მიმართ საპასუხო რეაქციის რეგულაციაში იღებს მონაწილეობას. ასევე აკონტორლებს მეტაბოლიზმს, ამცირებს ანთებით პროცესებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ძილ-ღვიძილის ციკლსა და ენერგიის დონეს, ზრდის სისხლში შაქრის მაჩვენებელს. 

  • ალდოსტერონი არეგულირებს არტერიულ წნევას,  კალიუმისა და ნატრიუმის დონეს სისხლში.

  • ადრენალინი და ნორადრენალინი, ასევე ცნობილი როგორც ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი, არეგულირებენ სისხლძარღვების გაფართოება/შევიწროებას, ზრდიან არტერიულ წნევას, გულისცემის სიხშირეს, სისხლში შაქრის დონეს.

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები შესაძლებელია მიმდინარეობდეს ჰორმონების შემცირებული ან ჭარბი წამოქმნით. 

  1. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი - ამ დაავადების დროს, თირკმელზედა ჯირკვალი სისხლში გამოყოფს ჭარბი რაოდენობით ალდოსტერონს, რაც იწვევს არტერიული წნევის მატებას და ზოგიერთ შემთხვევაში კალიუმის დაბალ დონეს. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ერთი ან ორივე თირკმელზედა ჯირკვლის აქტივობის გაზრდით.

  2. კუშინგის სინდრომი - გულისხმობს სისხლში ჰორმონ კორტიზოლის სიჭარბეს, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ჰიპოფიზის (კუშინგის დაავადება) ან თირკმელზედა ჯირკვალის მიერ მისი ზედმეტი წარმოქმნით.  მისი უხშირესი  მიზეზი კი სტეროიდული ჯგუფის მედიკამენტების ხანგრძლივი დროით გამოყენებაა. 

  3. ფეოქრომოციტომა თირკმელზედა ჯირკვლის წარმონაქმნია, რომელიც ჭარბი რაოდენობით გამოყოფს ადრენალინს (ეპინეფრინს) და ნორადრენალინს (ნორეპინეფრინს) სისხლში.

  4. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები - შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი, ფუნქციურად აქტიური ან არააქტიური, რისი შეფასებაც რადიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე ხდება. 

  5. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა - იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლი არასაკმარისი რაოდენობის კორტიზოლს და ალდოსტერონს გამოყოფს. გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს: აუტოიმუნური დაავადება (იმუნური სისტემა ებრძვის თავისივე ორგანოებს და ქსოვლებს), ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დაავადებები, ინფექცია და სხვა ფაქტორები.

რა ჩივილები შეიძლება ახლდეს თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებებს?

  • კორტიზოლის სიჭარბე:  ვარდისფერი/იასამნისფერი სტრიები კანზე, მუცლის გარშემოწერილობის გაზრდა, არტერიული წნევის მატება, სისხლში შაქრის დონის მატება, ზოგადი საერთო სისუსტე, კუნთების სისუსტე, არაერეგულარული მენსტრუალური ციკლი, ძვლის სიმკვრივის დაქვეითება.

  • ალდოსტერონის სიჭარბე: არტერიული ჰიპერტენზია, კალიუმის დაბალი მაჩვენებელი სისხლში. ასევე, შესაძლოა აღინიშნებოდეს კუნთების ტკივილი, სპაზმები და ზოგიერთ შემთხვევაში კუნთის პარალიზი.

  • ეპინეფრინისა და ნორეპინეფრინის სიჭარბე: ეპიზოდური ხასიათის ჩივილები, რა დროსაც აღინიშნება წნევის მატება, თავის ტკივილი,ოფლიანობა, ჰაერის უკმარისობა, შფოთვა.

  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა: ზოგადი საერთო სისუსტე, დაბალი ენერგია, დაბალი არტერიული წნევა, მადის დაქვეითება, წონაში კლება, ღებინება, დიარეა, კუნთების ტკივილი, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ზოგიერთ შემთხვევაში კანის ჰიპერპიგმენტაცია და სხვა.

როგორ ხდება თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოზირება და მკურნალობა?

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირება ხდება ენდოკრინოლოგის მიერ. გამოიყენება ლაბორატორიული კვლევები, რათა შეფასდეს ჰორმონების დონე სისხლში და/ან შარდში და რადიოლოგიური კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფია (MRI).

დაავადების დიაგნოზირების შემდგომ განისაზღვრება მკურნალობის გზები: მედიკამენტოზური ან ქირურგიული ჩარევა.

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.